X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 აპრილი 2019

,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია აქტიურად  მიმდინარეობს, ძალიან ბევრი საინტერესო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. განახლდება ინფრასტრუქტურა და ამასთან, ის იერსახე რომელიც ჩვენ ,,მზიურში“ გვახსოვს და ჩვენთვის ძვირფასია შენარჩუნდება კიდევ უფრო გაუმჯობესებული სახით “-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ,,მზიურის“ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის და პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, დასასვენებელი ადგილები. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ მოინახულეს. 

,,ჩვენ ვმუშაობთ კონტრაქტორთან ერთად იმისთვის რომ მთლიანობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდეს ამ წლის ბოლოსთვის. გარდა ამისა მუნიციპალური განვითარების ფონდმა   წინა წლებში  განახორციელა  მასშტაბური სამუშაოები ვერეს კალაპოტის აღდგენასთან დაკავშირებით. სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიების ფარგლებში,  მოეწყო მდინარე ვერეს სათავეში სპეციალური ცხაურები, რომლებიც თავს აგვარიდებს შესაძლო მეწყრულ პროცესებს მომავალში.  ვერეს კალაპოტის გამაგრების და ფორმირების სამუშაოები  ,,მზიურის“ პარკის სამუშაოებთან ერთად  ამ სივრცეს ბევრად უფრო ცივილურს და უსაფრთხოს გახდის“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. ,,მზიურის“ პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.